mdinareuli formebi - mRvime

 

ვრცელი სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება წყალში ხსნადი ნაპრალოვანი ქანების (კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად.

ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები. ისინი წარმოქმნიან მრავალკილომეტრიან და მრავალსართულიან რთულ მღვიმურ სისტემებს, რომლებშიც მიწისქვეშა მდინარეები გადის, ზოგჯერ გვხვდება ტბები, ჩანჩქერები, სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სხვა კარსტული ფორმები.

მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემებია: მამონტ-ფლინტ-რიჯი - (გამოკვლეული ნაწილის სიღრმე - 587 კმ) (აშშ), ჰელოხი - 194 კმ (შვეიცარია), ოპტიმისტური - 230 კმ (უკრაინა), ახალი ათონის მღვიმე - 3,3 კმ (საქართველო). ზოგიერთი მღვიმე ციცაბოდ ეშვება მიწის სიღრმეში და ე. წ. უფსკრულს წარმოქმნის. უღრმესი უფსკრულებია: კრუბერის გამოქვაბული (საქართველო) - 2190 მ, თოვლიანი უფსკრული - 1753 მ (საქართველო, ბზიფის ქედი), ლამპრეჰტსოფენი - 1632 მ (ავსტრია), ჟან-ბერნარი - 1602 მ (საფრანგეთი), ტორკა-დელ-სიერა 1589 მ (ესპანეთი), პიერ-სენ-მარტენი - 1342 მ, (საფრანგეთი), გვხვდება მრავალსართულიანი მღვიმეებიც (მაგ. ცუცხვათის მღვიმე).

მღვიმეებში სპეციფიკური მიკროკლიმატი და ფაუნაა. ქვის ხანაში მღვიმეებში ადამიანები ცხოვრობდნენ. მღვიმეებს ახლა ფართოდ იყენებენ წყალმომარაგებისათვის, მაცივარ-სათავსოებად, სამკურნალო, ტურიზმისა და სხვა მიზნით. მღვიმეების მეცნიერული შესწავლითა და გამოკვლევით დაკავებულია სპელეოლოგია.